English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ლუკა ლაზვიაშვილი
საქართველოში შემოსავლების განაწილების ანალიზი საიმონ კუზნეცის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით

რეზიუმე. სტატია წარმოადგენს ჩემს მიერ 2018 წლის ივლისში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული სამაგისტრო ნაშრომის - „ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მაკროეკონომიკური პოლიტიკა“ - დასკვ­ნითი ნაწილის შემოკლებულ ვერსიას. სტატიაში საქართველოს ეკონომიკა გაანალიზებულია საიმონ კუზნეცის[1] მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც მან „კუზნეცის მრუდის“ კონცეფციის შექმნისას გამოიყენა.[2] ანალიზი ნათელს ფენს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საქართველოში მოსახლეობის სხვადასხვა ფენის შორის არსებული განსხვავებები შემოსავლების კუთხით, ეკონომიკის ინკლუ­ზიუ­რობა და შედარებითი პოზიცია შესადარ ქვეყნებთან, განხილულია წარსული წლე­ბის ეკონომიკური სურათი, განსაზღვრულია ამჟამინდელი მდგომარეობა და მოცე­მუ­ლია მომავლის სავარაუდო სცენარი. (განსაკუთრებული მადლობა ეკონომი­კის დოქტორს, პროფესორს და ჩემს ხელმძღვანელს სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას, ბატონ ნოდარ ხადურს, რომელმაც კრიტიკული შენიშვნებითა და რჩევებით დიდი როლი ითამაშა ნაშრომის საბოლოო სახით შექმნაში.)

საკვანძო სიტყვები: ინკლუზიურობა, უთანაბრობა შემოსავლებში, კუზნეცის მრუდი, მშპ ერთ სულზე, საშუალო შემოსავლები

შესავალი

ნაშრომში მსურს საქართველოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა და განვითარება გავაანალიზო საიმონ კუზნეცის მეთოდოლოგიის მიხედვით, რაც უნდა ავსახო მის მიერვე შემუშავებულ „კუზნეცის მრუდზე“. აღვნიშნავ, რომ „კუზ­ნეცის მრუდი“ არის გამოსახულება ემპირიული მონაცემებისა და სპეცია­ლუ­რი მოდელის, რომლის შიგ­ნითაც დაკმაყოფილებული უნდა იყოს გარკვეული დაშვე­ბებისა და პირობების მოთხოვნები. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში მისი კონცეფ­ციის ზუსტ ასახვას არ უნდა ველოდოთ, ვინაიდან ჩვენთან ეკონომიკური განვითარების პროცესი ბუნებრივად არ დაწყებულა სხვა ქვეყნების კვალდაკვალ, ის ხელოვ­ნუ­რად იქნა დაბრ­კო­ლე­ბუ­ლი, ხოლო შემდეგ ერთბაშად აღმოჩნდა სუვე­რენულ პირო­ბებ­ში დამოუკი­დებელი ეკონომიკით. ამასთან, კუზნეცის ეპოქისგან განსხვა­ვე­ბით, ამჟამინდელ განვითარებულ ქვეყნებში, ინდუსტრიულის მაგივრად, მოწინავე ტენ­დენ­ციად ითვ­ლება პოსტ-ინ­დუსტ­რიუ­ლი განვითარება. საქართვე­ლოში კი ორივე: ინდუსტ­რიუ­ლიც და პოსტ-ინდუსტრიული განვითარებაც ერ­თობ­ლივად მიმდინა­რეობს, განსხ­ვა­ვებით იმ ბუნებრივად განვითარებული ქვეყნებისგან, რომლებმაც დროსთან თა­ნა­შეზომი­ლად, ჯერ ინდუსტრიულ გან­ვი­თარებას მიაღწიეს, შემდეგ კი პოსტ-ინდუსტრიულ ტენდენციებს გაჰყვნენ. ესეც კიდევ ერთი განსხვავებაა კუზნეცის მოდელის დაშვებებისგან. საგულისხმოა, რომ კუზნეცის მოდელი ხსნის ეკონო­მიკური ზრდის გავლენას უთანაბრობაზე, და არა პირიქით. უთანაბრობის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე ცალსახად დასტურდება და ამ საკითხს თანამედ­რო­ვე ეკო­ნო­მიკაში დიდი ადგილიც ეთმობა. საპირისპირო მიმართულების გავლე­ნა კი შე­დარებით ბუნდოვანია და ინტენსიური კვლევაც ნაკლებად წარმოებს. სწო­რედ ამიტომ, კუზნეცის მეთო­დო­ლოგია კვლავ უალტერ­ნა­ტივოა ამ დამოკიდებუ­ლე­ბის ახსნაში და აქტუალო­ბასაც ინარჩუნებს, ვინაიდან მისი სრული თუ ცალკეუ­ლი ფრაგმენტული რეალი­ზება თანამედროვე ეკონო­მი­კაშიც დასტურდება. ამას ადასტურებს რობერტ ბარო თავის 2009 წლის ნაშრომში[3]. ამის დასტურია 2008 წელს გამოქვეყნებულ, ინკლუზიური განვითარების შესახებ პირველ ცნობილ პუბლიკა­ციაში[4] ნახსენები „კუზნეცის-ტიპის უთანაბრობაც“, საი­და­ნაც ჩანს, რომ თანამედ­რო­ვე, ინკლუზიური ზრდის სტრატეგიაშიც კუზნეცის მეთოდოლო­გიას კვლავ ით­ვალისწინებენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ასე, რომ კუზნეცის მეთოდოლო­გიაზე დაყრდნობით საქართველოს ეკონომიკის ანალიზი არ ნიშნავს უტყუარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღმოჩენას და პროგნოზირებას, ან რაიმეს დადას­ტურებას, არამედ წარმოადგენს საიმონ კუზნეცის საერთაშორი­სოდ აღიარებული კონცეფციის მიხედვით საქართველოში შემოსავლებში უთანაბ­რობის ახსნის მცდე­ლო­ბას და პოტენციური სცენარის შექმნას. (ტექსტის იმ ადგი­ლებ­ში, სადაც არ არის მითითებული მონაცემთა წყაროები, ყველგან გამოყენებული მაქვს საქართ­ველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემ­თა ბაზა)

შემოსავლებში უთანაბრობის ზრდის ფაქტორები (საწყისი სტადია)

კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ჩვენს ეპოქაში აღარ არის აქტუალური ინდუსტ­რია­ლიზაციის პროცესი, იმდენად, რამდენადაც მსოფლიოში მიმდინა­რეობს პოსტ-ინდუსტრიული განვითარების პროცესი. ასე, რომ საქართველოში და მისნაირ გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყნებში ინდუსტრიული და პოსტ-ინდუსტრიული პროცესები კომ­ბინირებული სახით მიმდინარეობს. საქართველოში 2017 წელს მთლიანი გა­მოშ­ვების მხოლოდ 24.5% მოდიოდა მრეწველობაზე, 12.8% - ვაჭრობაზე, 13.1% - მშენებლობაზე, მხოლოდ 7.2% - სოფლის მეურნეობაზე, და 6.1% მომსახურების გაწევაზე (დანარჩენ დარგებს აღარ ვასახელებ).[5]

დავიწყოთ საწყისი სტადიის ფაქტორებით, რომლებიც ჩვენი ამჟამინდელი რეალობისთვის მეტად სახასიათო უნდა იყოს. საქართველოს ეკონომიკის კუზნე­ცისეული ანალიზისთვის საჭიროა გვქონდეს შინამეურნეობების შემოსავლების შე­სახებ ინფორმაცია, რაც პირდაპირი სახით საქსტატის ვებ-გვერდზე არ დევს, თუმცა ამავე ვებ-გვერდზე არის შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევე­ბის მო­ნაცემთა ბაზები. აღნიშნული გამოკვლევები ატარებს შემთხვევითი შერჩევის ხა­სიათს და განზოგადების წესით გვაძლევს გარკვეულ სურათს მთლიანად ქვეყნის მასშტაბით არსებული მდგომარეობის შესახებ. ამასთან, აღნიშნული გამოკვლევები ტარდება 2009 წლიდან და, შესაბამისად, სწორედ დროის ამ მონაკვეთის გაანა­ლი­ზებას გთავაზობთ საოჯახო მეურნეობებისთვის. ამისათვის გამოვიყენე შინამეურ­ნეობების მთლიანი ყოველთვიური შემოსავლების სტატისტიკა, სტატისტიკური პროგრამა STATA-ს დახმარებით დავალაგე ის ზრდის მიხედვით და დავყავი კვანტილებად, 20%-იან ჯგუფებად. შედეგად მიღებული სურათი სრულ თანხ­ვედრაშია კუზნეცის მიერ განვითარებად ქვეყნებთან დაკავშირებით ჩამოყალი­ბე­ბულ კანონზომიერებასთან, რომ მაღალი უთანაბრობა განვითარებად ქვეყნებში გამოწ­ვეულია, არა იმდენად ბოლო კვანტილის დაბალი წილით საერთო შემოსავ­ლებში, არამედ მოსახლეობის ყველაზე მდიდარი კვანტილის ზედმეტად მაღალი მაჩვენებლით. შუა 3 კვანტილი ბევრით არ აღემატება ბოლო კვანტილს, ხოლო ყველაზე მდიდარი კვანტილი ამ ოთხივეს მკვეთრად აღემატება, რაც ნიშნავს, რომ ძლიერი საშუალო ფენა ფაქტიურად არ არსებობს და ადგილი აქვს მაღალ უთა­ნაბრობასაც. სწორედ ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. 2009 წელს კვანტილე­ბის შემოსავლების წილები მთლიან შემოსავალთან ზრდის მიხედვით შემდეგნაი­რად გამოიყურება: 4.20%, 8.89%, 14.23%, 22.58%, 50.10%. ხედავთ თუ როგორ ჩამორჩება პირველი 4 კვანტილის წილი უმდიდრესი 20%-ის წილს. 2016 წლისთვის მდგომა­რეო­ბა მცი­რედით გაუმჯობესდა და შემდეგი სურათი მოგვცა:

 

თუმცა, უმდიდრესი კვანტილის მაჩვენებელი კვლავ მკვეთრად აღემატება დანარ­ჩე­ნი კვანტილების მაჩვენებლებს.

უნდა აღინიშნოს უთანასწორობის მცირედი შემცირების ფაქტიც. ამის უკან დგას ის, რომ ქვედა კვანტილების საშუალო შემოსავალი უფრო მაღალი ტემპით იზრდებოდა ამ წლების განმავლობაში, ვიდრე მდიდარი კვანტილების საშუალო შემოსავლები. წარმოგიდგენთ ჰისტოგრამას, სადაც ასახულია კვანტი­ლებში საშუალო შემოსავლების ზრდის საშუალო ტემპები:

 

როგორც ხედავთ, მაჩვენებლები იდეალურად არის განაწილებული ეკონო­მიკის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად. რაც უფრო დაბალ შემოსავლიანია მოსახლეობის კვანტილი, მით უფრო მაღალია მისი საშუალო შემოსავლის ზრდის საშუალო ტემპი. გთავაზობთ უმდიდრესი და ყველაზე დაბალშემოსავლიანი კვანტილების საშუალო შემოსავლის ზრდის ტემპებს წლების მიხედვითაც:

 

როგორც ჩანს, 2010 და 2015 წლების გარდა, უმცირესი კვან­ტილის შემოსავ­ლე­ბის ზრდა მუდამ აჭარბებდა უმდიდრესის ზრდას. ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო მეორე კომპონენტი, სიღარიბის შემცირების პროცესი საქართ­ვე­­ლო­­­ში 2010 წლიდან სტაბილურად მიმდინარეობს. 2010 წელს საქართველოს მო­სახ­­ლეობის 37.3% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ იყო, 2017 წელს კი ამ მაჩვენებელმა 21.9% შეადგინა. გამოდის, რომ 2010 წლიდან მოყოლებული ეკონო­მიკური ზრდა საქართველოში ინკლუზიურობის კომპონენტებს აკმაყოფილებდა. ყვე­ლა­ზე მეტად ინკლუ­ზიური ზრდა დაფიქსირდა 2012 წელს, როცა პირველი კვანტილის საშუალო შემო­სავლები 26.12%-ით გაიზარდა, მეხუთე კვანტი­ლისა კი მხოლოდ 5.16%-ით, სიღარიბის მაჩვენებელი კი მთელი 4 პროცენტული პუნქტით დაეცა (34.1% - 30%). ამ წელს მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი 6.4% გახლდათ.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწორი განლაგება ზრდის ტემპებისა, არამედ ინტენსივობაც. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, იმდენად ჩა­მორჩება ქვედა კვანტილი ყველაზე მდიდარ კვანტილს, რომ ზრდის ტემპებში აღ­ნიშნული განსხვავებები საკმარისი არ არის, კიდევ უფრო მეტი სხვაო­ბაა სასურვე­ლი. ამის საილუსტრაციოდ შემოგთავაზებთ ხაზოვან დიაგრამას, სადაც ნაჩვენებია 2009 წლიდან 2016 წლამდე როგორ გაიზარდა განსხვავება საოჯახო მეურნეობების საშუალო შემოსავლების აბსოლუტურ მაჩვენებლებს შორის:

 

შინამეურნეობების ყველაზე ღარიბი კვანტილის წარმომადგენლისთვის დიდად მანუგეშებლად ვერ გამოიყურება უმდიდრეს კვანტილთან შედარებით 4%-ით უფრო სწრაფი ზრდა შემოსავლებში, როცა აბსოლუტურ მაჩვენებლებში მისი საშუალო შემოსავალი მხოლოდ 118.61 ლარით გაიზარდა, როცა უმდიდრესი კვანტილის საშუალო შემოსავლის ნამატი 851 ლარი გახლავთ. საბოლოოდ კი მისი შემოსავალი 9-ჯერ ჩამორჩება უმდიდრესი კვანტილის შემოსავლებს.

საინტერესო იქნება კვანტილებს შორის შემოსავლის განაწილების განხილვა ჩვენს შესადარ ქვეყნებში. მაგალითად, ინკლუზიური განვითარების ინდექსის განვითარებადი ქვეყნების რეიტინგში ჩვენზე ერთი ადგილით წინ მყოფი (31) მოლ­დოვა[6], რომელიც ჩვენსავით აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ქვეყანაა. ვინაი­დან მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზაში კვანტილებად ინდივიდები არიან დაყო­ფი­ლი, და არა შინამეურნეობები, ამ შემთხვევაში ორივე ქვეყნისთვის, საქართ­ვე­ლოსთ­ვის და მოლდოვასთვის ვიყენებ ინდივიდუალურ კვანტილებს შორის განა­წი­ლებას, რომელიც, როგორც წესი, უფრო ნაკლებ უთანაბრობას აჩვენებს, ვიდ­რე შინამეურნეობებს შორის განაწილება. ეს სავარაუდოდ გამოწვეუ­ლია იმით, რომ მდიდარი ინდივიდები ერთი და იმავე შინამეურნეობებში იყრიან თავს და უთანაბ­რობის მაჩვენებელიც მეტი გამოდის საოჯახო მეურნეობების სტატისტიკაში.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ საქართველოსა და მოლდოვას კვანტილებს შორის შემოსავლის განაწილების გრაფიკს 2016 წლის მონაცემების მიხედვით:

 

როგორც ხედავთ, მოლდოვას უფრო თანაბარი შემოსავლების განაწილება აქვს კვანტილებს შორის, ვიდრე ჩვენ. უმდიდრესი კვანტილი თუ ჩვენთან 43.6%-ს ფლობს, მოლდოვაში მათი მაჩვენებელი მთელი 7%-ით ნაკლებია. მოლდოვას პირველი 3 კვანტილი მეტ წილს ფლობს მათი ქვეყნის მთლიანი შემოსავლებიდან, ვიდრე ჩვენი დაბალშემოსავლიანი 3 კვანტილი ჩვენი შემოსავლებიდან. განსაკუთ­რე­­ბით აღნიშვნის ღირსია პირველი კვანტილის 10%-იანი მაჩვენებელი. აქედან, არც არის გასაკვირი, რომ მათი ჯინის კოეფიციენტი, მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2016 წელს იყო 26.3, როცა ჩვენი ჯინის კოეფიციენტი 36.5-ს შეადგენდა.[7] აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლებს ადგილი აქვს ერთ სულზე შემოსავლის შემდეგ ფონზე: ჩვენი რეალური მშპ ერთ სულზე 2010 წლის დოლარებში 2016 წელს 4084$ იყო, როცა მოლდოვასთვის იგივე მაჩვენებელი 2063$-ს შეადგენდა, ანუ საქართვე­ლო ცხოვრების დონით მოლდოვას დაახლოებით 2-ჯერ აღემატება. თუ მშპ-ს აბსოლუტურ მაჩვენებლებს ავიღებთ, იქაც დაახლოებით იგივე განსხვავებას დავი­ნახავთ. მიუხედავად ამისა, მოლდოვა მართლაც სამაგალითოა განვითარებად ქვეყნებს შორის ინკლუზიური ფაქტორების წარმატებულობით: დაბალი ჯინის კოე­ფი­ციენ­ტებით, როგორც შემოსავლის, ასევე სიმდიდრის კუთხით, და ძალიან დაბალი სიღარიბის მაჩვენებლით. მათი მოსახლეობის რიცხოვნობა დაახლოებით 3 მილიონია. მოლდოვა წარმოადგენს სანიმუშო მაგალითს იმისა, რომ ჩვენნაირ განვითარებად და დაბალშემოსავლიან ქვეყანასაც შეუძლია ჰქონდეს შემოსავლებ­ში დაბალი უთანაბრობა და დაბალი სიღარიბის დონე. საინტერესოა, რომ 2017 წელს მათი მშპ-ს 64.8% მომსახურების სფეროზე მოდიოდა, 21% მრეწველობაზე, ხოლო 14.2% სოფლის მეურნეობაზე, როცა 1989 წელს მომსახურების სფეროს მხოლოდ 24%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.[8] 1999 წლიდან, როცა მათი ჯინის კოეფი­ციენ­ტი 42.6%-ს შეადგენდა, 2016 წლისთვის 26.3%-ზე ჩამოვიდა. ეს ხაზს უსვამს მოლდოვაში სწრაფად განხორციელებულ პოსტ-ინდუსტრიულ პროცესებს და მომ­სა­ხუ­რების სფეროს ზრდის დადებით გავლენას უთანაბრობის აღმოფხვ­რაზე, რაც სწორედ კუზნეცის მიერ იყო წამოყენებული, როგორც უთანაბრობის შემამ­ცირებე­ლი ფაქ­ტო­რი. როგორც მოლდოვას შემთხვევაში ვხედავთ, შემოსავ­ლებში უთანას­წო­რო­ბის დაბალი მაჩვენებელი (ჯინის კოეფიციენტი) ემყარება ქვედა კვანტილე­ბის მაღალ წილს საერთო შემოსავლებში.

ამ საკითხს უკავშირდება კუზნეცის მიერ ჩამოყალიბებული, განვითარებადი ეკონომიკებისთვის დამახასიათებელი, კიდევ ერთი ფაქტორი. ეს არის კუზნეცის კონცეფცია განვითარებადი ქვეყნების ქვედა კვანტილებთან დაკავშირებით, რომ­ლის მიხედვითაც განვითარებული ქვეყნების ქვედა კვანტილებისგან განსხვავე­ბით, განვითარებადი ქვეყნების ქვედა კვანტილს არ შეიძლება საერთო შემო­სავლებში 6-7%-ზე დაბალი წილი და ერთ სულზე საშუალო შემოსავალი მთლია­ნად ქვეყნის საშუალო შემოსავლის 0.6 ან 0.7-ზე ნაკლები ჰქონდეს, ვინაიდან ისედაც დაბალი საშუალო შემოსავლის კიდევ უფრო ნაკლები წილი ადამიანის ცხოვრებისთვის საკმარისი ვეღარ იქნება. რა ხდება ჩვენთან ამ მხრივ? როგორც ჰისტოგრამაზე დავინახეთ, ყველაზე ღარიბი კვანტილის წილი საერთო შემოსავ­ლებში არის 5.04%. გარდა ამისა, ვიყენებ კვანტილებად დაყოფილ და ინდივიდუა­ლური შემოსავლების შესახებ მონაცემებს[9], საიდანაც მარტივი კალკულაციებით ჩანს, რომ 2016 წელს ქვედა კვანტილის საშუალო შემოსავალი 89.95 ლარი, მეორე კვანტილისა კი  154.39 ლარია, რაც 2016 წლის საშუალო შემოსავლის (268.51 ლარი; ფულადი და არაფულადი შემოსავლების ჯამი გაყოფილი მოსახლეობის რიცხოვ­ნო­ბა­ზე), შესაბამისად, 0.34 და 0.58 წილს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ არათუ მხოლოდ პირველი კვანტილი, არამედ ვერც მეორე კვანტილი ვერ აღწევს ისედაც დაბალი მშპ ერთ სულზე მაჩვენებლის 0.6 წილს. შინამეურნეობებს რომ დავუბრუნ­დეთ, აქაც პირველი და მეორე კვანტილის ოჯახები საშუალოდ მთლია­ნი საშუალო შემოსავლის, შესაბამისად, 0.25 და 0.48 წილს ფლობენ.

ამ საკითხს მივყავართ კუზნეცის შემდგომ კონცეფციამდე, სადაც ნათქვამია, რომ განვითარებადი ქვეყნებისთვის მაღალი უთანაბრობა განსაკუთრებით მძიმე იქნება. მართლაც, წინა აბზაცში მოყვანილი ინფორმაციის ფონზე, აშკარა ხდება თუ რატომ არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის დონე ასეთი მაღალი - სიღარიბის აბსოლუ­ტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 22%-ია, ანუ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ეს დიდწილად სწორედ შემოსავლებში მაღალი უთანასწორობით და ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემ­პით აიხსნება.

ამასთან, ეკონომიკურ და სოციალურ ინსტიტუტებზე ინდუსტრიალიზა­ციის საწყისი ეტაპის გავლენა მართლაც უთანაბრობის ზრდაში აისახა 1990-იან წლებში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ინსტიტუციური განახლების პროცესი ნელი და მტკივნეული ტემპით მიმდინარეობდა, კიდევ უფრო მდიდრდებოდნენ მდიდარი ადამიანები, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი გაჭირვებაში რჩებოდა. ვინაიდან შინამეურნეობების გამოკვლევებს საქსტატი მხოლოდ 2009 წლიდან აწარმოებს, ამ შემთხვევისთვის ვიყენებ კვლავ მსოფლიო ბანკის ინდივიდუალური შემოსავლების შესახებ ინფორმაციას, რომელიც 1996 წლიდან იწყება. კვანტილების შესახებ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩანს, რომ უმდიდრეს და უღარიბეს კვანტილებს შორის განსხვავება მკვეთრად გაიზარდა 1996 წელს და 4-5 წლის განმავლობაში ნარჩუნდებოდა ეს სხვაობა. სავარაუდოდ სხვაობის ზრდის პროცესი 1996 წლამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო, რის შესახებაც უბრალოდ სტატის­ტიკური მონაცემები არ გვაქვს. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია 1990-იანი წლები შემო­სავლებში უთანაბრობის ზრდის წლებად მოვიხსენიოთ.

გარდამტეხი ფაზა

კუზნეცის განსაზღვრებით, თუ ქალაქში 4-ჯერ მეტია ერთ სულზე შემოსავ­ლის მაჩვენებელი ვიდრე სოფელში, მაშინ უთანაბრობის შემცირება დაიწყება მას შემდეგ, რაც მოსახლეობის 30% ქალაქებში იქნება დასახლებული, ხოლო თუ შე­მოსავლებში ქალაქი სოფელს 2-ჯერ აღემატება, უთანაბრობა კლებას დაიწყებს მაშინ, როცა მოსახლეობის ნახევარი ურბანულ დასახლებებში მოიყრის თავს. სა­ქართ­ველოში შემოსავლის სოფელსა და ქალაქს შორის განაწილების სტატისტიკა საქსტატს აქვს, თუმცა ეს სტატისტიკა გვიჩვენებს მონაცემებს 2006 წლიდან. ამის გამო, უნდა ვიმსჯელოთ მიმდინარე წლების მონაცემების მიხედვით. ჩემდა გასაკ­ვი­რად საქართველოს სოფლებში ერთ სულზე საშუალო შემოსავლები (საქსტატის მონაცემები სოფლის აბსოლუტურ შემოსავალ­ზე გავყავი სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობაზე) ბევრად არ ჩამორჩება ქალაქად მაცხოვრებელთა საშუალო შემო­სავ­ლებს. 2011 წელს ქალაქში საშუალო შემოსავალი მხოლოდ 1.19-ჯერ აღემატე­ბოდა სოფელში საშუალო შემოსავალს, 2016 წელს კი ეს განსხვავება 1.35 გახდა. აქედან უნდა დავასკვნათ, რომ ჩვენთან ინდუსტ­რიალი­ზაციისა და პოსტ-ინდუსტ­რიუ­ლი პროცესი ჯერ კიდევ არ დაწყებულა მთელი სიმძლავრით. ასევე, კუზნეცის მაგალითებისგან განსხვავებით, რომლებიც 2 საუ­კუ­ნის წინანდელ ტენდენციებს ხსნიან, ამჟამინდელი მსოფლიო ეკონომიკური მდგომა­რეო­ბა სულ სხვაგვარია და შესაბამისად ინდუსტრიალიზა­ციის მიმდინარე პროცესიც ჩვენს ქვეყანაში. ისიც საგულისხმოა, რომ მოყვანილი სტატისტიკა სრულყოფილად არ ასახავს საქართვე­ლოს ქალაქებსა და სოფლებს შორის ცხოვ­რების დონეში არსებულ განსხვავებას. თუ კუზნეცის მსჯელობიდან არ ამოვვარ­დებით, ვინაიდან ჩვენთან ეს შეფარდება არის 1.35:1, რაც 2:1 შეფარდებას 1.48-ჯერ ჩამორჩება, ქალაქში მაცხოვრებელთა წილიც შესაბამისად 1.48-ჯერ უფრო მაღალ ნიშნულზე უნდა ავიდეს, რომ უთანაბრობის შემცირება დაიწყოს. გამოდის, რომ ჩვენთან უთანაბრობის შემცირება მას შემდეგ დაიწყება, რაც ქალაქებში მოსახ­ლეობის 75% დასახლდება. თუმცა, თუ გავითვა­ლის­წი­ნებთ ქალაქსა და სოფელს შორის საშუა­ლო შემოსავლების განსხვავების ზრდის ტენდენციასაც, უნდა ვივა­რაუდოთ, რომ ურბანულ დასახლებებში მოსახ­ლეო­ბის 65-70%-ის დასახლებაც საკ­მარისი იქნება, რომ უთანაბრობის შემცირება დაიწყოს. 2018 წლისთვის ქალა­ქების მაცხოვრებელია საქართველოს მოსახლეობის 58.3%. თუ 2012-2018 წლების ზრდის ტემპს გამოვი­ყენებთ მონაცემთა ჯაჭვური ზრდის ტემპის წესით პროგ­ნოზი­რებისთვის, მივი­ღებთ, რომ ქალაქების მაცხოვრე­ბელთა წილი 60%-ს მიაღწევს 2025 წელს, 65%-ს 2042 წელს, ხოლო 70%-ს 2058 წელს. თუ ეკონომიკური ზრდის ტემპი მართლაც გაიზრდება, 2025 წლისთვის ქალაქად დასახლებული მოსახლეობის 60%-თან ერ­თად, უკვე შესაძლებელი იქნება უთანაბ­რო­ბის თანდათანობითი შემცი­რება.

აქვე აღვნიშნავ, რომ საიმონ კუზნეცის მიერ გამოკვლეული ქვეყნების, აშშ-ს, გერმანიის და ინგლისის, შემთხვევებში, უთანაბრობის ზრდის ფაზა დაახლოებით 60 წელი გრძელდებოდა. თუმცა, ეს ხდებოდა მე-19 საუკუნეში, და არ მგონია დღე­ვან­დელ, დაჩქარებულ, გლობალიზებულ და პოსტ-ინდუსტრიულ მსოფლიო ეკო­ნო­მი­კურ გარემოში ჩვენც 2050 წლამდე (1990-იანებიდან) უნდა ველოდოთ უთანაბ­რო­ბის შემცირების პროცესს. ჩემი აზრით, თანამედროვე პირობებში კუზ­ნეცის მრუ­დის საწყისი ეტაპის დასრულება და უთანასწორობის ზრდის შეჩერება ბევრად მცირე დროშია შესაძლებელი, მაღალი ეკონომიკური ზრდისა და ინკლუ­ზიური განვითარების მეშვეობით. დასკვნითი ფაზა კი, იქიდან გამომდინა­რე, რომ ის არამ­ხო­ლოდ ეკონომიკურ, არამედ გარკვეულ სოციალურ-ინსტიტუ­ციურ სა­კით­­­ხებ­საც ეყრდნობა, შესაძლოა დროში უფრო გაწელილი, ნელი პროცესი გამოდგეს.

დასკვნითი ფაზა

­რაც შეეხება დასკვნით ფაზას, სადაც უთანასწორობა შემოსავლებში ეკონო­მი­კურ ზრდასთან ერთად მცირდება, მისი მახასიათებლები ნაკლებად სავარაუდოა უკვე განხორციელებული იყოს საქართველოს ეკონომი­კაში. კუზნეცის მიხედვით, უთანაბრობის კლებას იწვევს დემოგრაფიული ფაქტორი, რომლის მიხედვითაც, შედარებით დაბალშემოსავლიან ოჯახებს მეტი შვილი ჰყავთ, ვიდრე მდიდრებს, და აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში მდიდარ კვანტილებში მდიდრე­ბის კლებად რიცხოვნობას ზრდადი რიცხოვნობის შედარე­ბით დაბალშემოსავლია­ნები ავსებენ. კონკრეტული მდიდრების სიმდიდრე შესაძ­ლოა ნარჩუნდება, ან თუნ­დაც იზრდება კიდეც, მაგრამ ვინაიდან კვანტილში შინა­მეურნეობების ფიქსირე­ბული რიცხოვნობა იგულისხმება, დაბალი შობადობის გამო კლებადი მდიდარი შინამეურ­ნეო­ბე­ბის ადგილს, რიცხოვნობაში ზრდადი და­ბალ­შე­მო­სავ­ლიანი შინა­მეურ­ნეობები იკავებენ. ერთ კვანტილში თავს იყრიან კიდევ უფრო გამდიდრებუ­ლი, მაგრამ მცირე ოდენობის მდიდარი შინამეურნეობები, და შედარებით დაბალ­შე­მო­­სავლია­ნი ოჯახები. ამის გამო, დროთა განმავლობაში, ხდება შედარებითი გა­მო­თანაბრება კვანტილებს შორის. უნდა ითქვას, რომ ეს არის ის ერთ-ერთი პრო­ცესი, რომელიც უთანაბრობის კლებას გრძევადიან პერიოდში ახერხებს, და არა დროის მოკლე მონაკვეთში.

შემდეგი ორი ფაქტორი სტრუქტურულია: ეკონომიკის დინამიკურობა - ახალი დარგების განვითარება და მომსახურების სფეროს ზრდა. საქართველოს ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებები ნამდვილად მიმდინარეობს. თუ 2006 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში მოწინავე ადგილებს სახელმწიფო მმართველობა და ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება იკავებდნენ, 2017 წელს ისინი, შესაბამისად, მეოთხე და მეშვიდე ადგილებზე იმყოფებიან, ხოლო მოწინავე ადგილებს უთმობენ ვაჭრობას, მრეწველობას და ტრანსპორტი/კავშირგაბმულობას. ეს ფაქტორი თავისთავად უთანასწორობის შემ­ცი­რე­ბას ემსახურება, ვინაიდან თუ მაღალ შემოსავლიანი ჯგუფე­ბის წარმომად­გენ­ლე­ბი თავის მოგროვებულ აქტივებს ახალი, მზარდი და მაღალ მოგებიანი დარგე­ბისკენ არ მი­მართავენ, მათი არსებული აქტივებიდან, ახალი დარგების წარმომად­გენ­ლე­­ბის აქტივებ­თან შე­და­რებით, გრძელვა­დიანი ამონა­გე­ბი მნიშვნელოვნად შემ­ცირ­დება. შესაბამისად, წარმოების დარგების სწრაფი ცვლილე­ბე­ბი მდი­დარი მო­სახ­ლეობის პოზიციების შერყევას და დაბალშემოსავ­ლია­ნი მოსახ­ლეო­ბისთვის გამ­დიდრების შანსს ნიშნავს.

თანდათანობით იზრდება მომსახუ­რების სფეროს შემოსავლები, რაც ასევე მეტ შანსს აძლევს დაბალშემოსავ­ლიან მოსახლეობას, ვინაიდან ის დამოკიდებუ­ლია, არა სოციალურ სტატუსზე ან სიმდიდრის ქონაზე, არამედ პროფესიონა­ლიზმ­ზე და კონკურენტუნარიანობაზე. როგორც მოლდოვას მაგა­ლით­ზე ვნახეთ, მათი საოცრად დაბალი უთანასწორობა შემოსავლებში, სხვა ფაქ­ტო­რებთან ერთად, სავა­რაუდოდ მომსახურების მშპ-სთან მკვეთრად გაზრ­დილ­მა წილმა (64.8%) გამოიწ­ვია. მაღალი დონის პროფესიონალე­ბის ჩამოყალი­ბებას შესა­ბამისი განათ­ლების სის­ტემა სჭირდება, რაც ამ მხრივაც აუცილებელს ხდის განათ­ლებაზე აქცენ­ტის გაკეთებას.

საბოლოოდ, კუზნეცის მიხედვით, უთანაბრობა მცირდება, არა იმდენად სოფელ­ში დარჩენილი დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის წილის ზრდით, არამედ ურბანულ დასახლებაში მყოფი დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის მოძლიერე­ბით, რაც აყალიბებს ძლიერ საშუალო ფენას, ზრდის შუა 3 კვანტილის წილს და ამცირებს უმდიდრესი კვანტილის მაჩვენებელს. ქალაქში ახლად დასახლებული მოსახლეობა ნელ-ნელა წარმატებით მკვიდრდება, მათი შვილები კი პირდაპირ ურბანულ გარემოში იბადებიან, ადაპტაციის პერიოდი აღარ სჭირდებათ და მომა­ვალ­ში უკეთეს შანსებს ფლობენ, რათა შექმნან ძლიერი საშუალო ფენა. ამასთან, ძვე­ლად დამკვიდრებული მოსახლეობა დროთა განმავლობაში ალღოს უღებს ახალ სის­ტე­მას, ახალ გარემოს, და ახერხებს წინსვლას ზემოთ ნახსენებ სტრუქტურულ გარდაქმნებში თავის დამკვიდრების გზით. ეს ფაქტორიც გრძელვადიანი მოქმე­დებით ხასიათდება. საქართველოში 2018 წელს მოსახლეობის 58% ქალაქებში ცხოვრობს, ამ მაჩვენებლის ზრდის ტემპის გათვალისწინებით კი უნდა ვივარაუ­დოთ, რომ ის 50%-ს დიდი ხნის წინ გადასცდა (1969 წელს). ეს იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ურბანული დასახლებების დაბალშემოსავლაინი მოსახლეობის მოძლიერების პროცესი დაწყებული უნდა იყოს, თუმცა რამდენ ხანში მიაღწევს ის სრულ რეალიზაციას, მხოლოდ ეკონომიკურ ზრდასა და მის ინკლუზიურობაზეა დამოკიდებული.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია ურბანული მოსახლეობის დაბალშემოსავლია­ნი ნაწილის პოლიტიკური ძალაუფლების ზრდა. პოლიტიკური გადაწყვეტილებე­ბი და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ ემსახურება შემოსავ­ლებში უთანაბრობის შემცირებას, სწორედ ამ ჯგუფების ნაკარნახევია, ვინაიდან დემოკრატიულ სისტემაში პოლიტიკოსები უმრავლესობის დაკვეთას ასრულებენ, უმრავლესობისა, რომელიც უმდიდრესი კვანტილისგან განსხვავებით, უკმაყოფი­ლოა თავისი ყოფით და საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებას ითხოვს. საქართ­ვე­ლოში ამ ფაქტორის არსებობას ისიც ადასტურებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ასიგნებების სახით 2017 წელს  3,415,800,000 ლარი იყო გამოყოფილი, რაც საქართველოს 2017 წლის სა­ხელმ­წიფო ბიუჯეტის 29%-ია, ხოლო მშპ-ს 9.11%.[10] 

საბოლოოდ, კუზნეცი თავის მოდელში უთანაბრობის მარტივ საზომად იყენებს უმდიდრესი და უღარიბესი კვანტილების შემოსავლების წილებს შორის სხვაობას და ამ სხვაობის ცვლილებას დროთა განმავლობაში ეკონომიკურ ზრდას­თან ერთად. ვინაიდან საოჯახო მეურნეობების შესახებ მონაცემები მხოლოდ 2009 წლიდან გვაქვს, იძულებული ვარ კვანტილებს შორის აღნიშნული სხვაობები ინდი­ვი­დუალური შემოსავლების კვანტილებზე გავაკეთო, რომლის მონაცემთა ბაზაც 1996 წლიდან იწყება. გთავაზობთ ხაზოვან დიაგრამას, სადაც ასახულია საქართვე­ლოს უმდიდრეს კვანტილსა და უღარიბეს კვანტილს შორის არსებული სხვაობა:

 

როგორც ხედავთ, დიაგრამა ვერ გვიჩვენებს ზუსტად კუზნეცის მრუდის ანალოგიას, თუმცა ამის მოლოდინი არც უნდა გვქონოდა. მეტად სავარაუდოა, რომ ეს დიაგრამა მცირედი ნაწილია უფრო ფართო მრუდისა, რომლის განვითარებაც დროთა განმავლობაში გამოიკვეთება. ამ შემთხვევაში შემიძლია გამოვთქვა მოსაზ­რება, რომ უთანაბრობის ორივე აღმავალი პერიოდი (სადაც სხვაობა იზრ­დება), 1996-1998 (სავარაუდოდ 1996-მდე დაწყებული) და 2004-2010 კუზნეცის მრუ­დის საწყისი სტადიის ფაქტორებისგან იყო გამოწვეული. საბჭოთა კავშირის დანგრევამ და საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყა­ლი­ბებამ 90-იან წლებში ეკო­ნო­მიკური და სოციალურ-ინსტიტუციური გარემოს ცვლილებები გამოიწვია. ამ ინს­ტი­ტუციურ ნგრევას, როგორც ჩანს, მართლაც მოჰყვა დაბალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, მხოლოდ მდიდრების (კიდევ უფრო) გამდიდრება და უთა­ნაბრო­ბის გაზრდა შემოსავლებში. შემდეგ, 2004 წლამდე დაღ­მავალ პერიოდზე რთულია საუბარი, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ უთანაბრობის შემცირება კუზნეცის ფაქტორებს არ გამოუწვევიათ, ვინაიდან, საწ­ყისი და დასკვნითი ფაზის ფაქტორები ესეთ მცირე მონაკვეთში არ ენაცვლებიან ერთმანეთს. შემდეგ, 2010 წლამდე აღმავალი მონაკვეთი, უთანაბრო­ბის ზრდა, კვლავ ინსტიტუციურმა განახლებამ გამოიწვია, რაც ახალი ხელისუფ­ლე­ბის მოსვ­ლით იყო განპირობებული 2003 წლიდან. როგორც წინა შემთხვევაში, აქაც ინსტი­ტუციური ნგრევით და ცვლილებებით მდიდრებმა ისარგებლეს, დაბალშე­მო­სავ­ლიან ფენებს კი ადაპტა­ციისთ­ვის მეტი დრო დასჭირდათ. 2010 წლიდან მოყოლე­ბუ­ლი ჩანს უთანაბრობის კლების ტენდენცია, რაც მიგვანიშნებს, რომ ურბანულ დასახლებაში მყოფი მოსახ­ლეობის დაბალშემოსავლიანი ნაწილი მოძ­ლიე­რებას იწყებს. ამასთან მნიშვნელო­ვან როლს თამაშობს სახელმწიფო პოლიტიკა და საერ­თა­შორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებული მუშაობა. ვიმედოვნებ, რომ უთა­ნაბრობაში დაღმავალი ტრენ­დი მართლაც კუზნეცისეული დასკვნითი ფაზის და­საწყისია.

იმისათვის, რომ კიდევ უფრო მრავლისმთქმელი გამეხადა საქართველოს ეკონომიკაში უთანაბრობის ტენდენციებისა და მისი ეკონონომიკურ ზრდასთან კავშირი, გამოვიყენე სტატისტიკური პროგრამა Eviews, რომელშიც ვექტორული ავტორეგრესიის მოდელით (VAR) დავაკავშირე ინდივიდუალური შემოსავლების კვანტილებად განაწილებული მონაცემები და მშპ ერთ სულზე ზრდის ლოგარით­მუ­ლი ფუნქცია. Impulse-Response (იმპულსი-ასახვა) ანალიზი კარგად ასახავს მშპ ერთ სულზე ზრდის გავლენას თითოეული კვანტილის შემოსავლების წილზე:

როგორც გრაფიკებიდან ჩანს, მშპ ერთ სულზე ზრდის 1%-ით გაზრდილი მაჩვე­ნებელი ამცირებს უმდიდრესი კვანტილის წილს მთლიან შემოსავლებში და ზრდის ყველა დანარჩენი კვანტილების წილებს. ყველაზე დაბალშემოსავლიანი კვანტი­ლის წილი დაახლოებით 0.04-ით იზრდება (მაგ: 6+0.04=6.04%). აღნიშნული ეფექტი დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ნარჩუნდება. მშპ ერთ სულზე ზრდის პროცე­სის გაგრძელებასთან ერთად კი ეს ეფექტი მუდამ განახლებადია.

გარდა ამისა, აღნიშნული მოდელით გავა­კეთე პროგნოზი, სადაც ასახულია კვანტილების შემოსავლების წილების მომა­ვალი ცვლილებები:

 

პროგნოზიდან ირკვევა, რომ პირველი (ამ შემთხვევაში უმდიდრესი) კვანტი­ლის წილი 2020 წლამდე ზრდას განაგრძობს, 50%-მიუახლოვდება, შემდეგ კი შემ­ცი­რე­ბას დაიწყებს. სიმდიდრით მეორე კვანტილის შემოსავლების წილი 2018 წლი­დან 2021 წლამდე შემცირდება, ბოლოს კი მცირედით ზრდის ტენდენცია ჩანს. მესამე და მეოთხე კვანტილების შემოსავლებიც 2020 წლამდე შემცირდება, ხოლო ყველაზე დაბალშემოსავლიანი კვანტილის წილი 2019 წლამდე შემცირდება, 5%-ს ჩამოსცდება, ხოლო შემდეგ ზრდას დაიწყებს. ქვედა კვანტილი, როგორც ზემოთ ვნახეთ, ყველაზე მეტად არის დამოკიდებული მშპ ერთ სულზე ზრდის მაჩვე­ნებელზე. პროგნოზშიც, ბოლოს წინა დიაგრამაზე ჩანს, მცირე ჩავარდნა აქვს 2018 წლის მშპ ერთ სულზე ზრდის ტემპს, რაც დიდწილად განაპირობებს ქვედა კვანტი­ლის ვარდნასაც 2019 წლამდე. მართლაც, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის დოკუმენტში, ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკა­ტო­რების ნაწილში, საბაზისო სცენარში ჩანს, რომ მშპ ერთ სულზე ზრდის ტეპი 2017 წელს არსებული 10.25%-იანი მაჩვენებლიდან 2018 წელს ჩამოქვეითდება 8.16%-იან მაჩვენებელზე[11], რაც ჩემმა VAR მოდელმაც ზუსტად განსაზღვრა. ეს კიდევ უფრო მეტ ავთენტურობას მატებს გაკეთებულ პროგნოზს.

დასკვნა

კუზნეცის მრუდის საწყისი ფაზის ფაქტორების ანალიზი ცხადყოფს, რომ წარმოუდგენელია, მოვლენების ბუნებრივი დინებით განვითარებისას, უთანაბრო­ბა შემოსავლებში კიდევ უფრო გაიზარდოს. ამის თქმის საშუალებას შემდეგი ფაქტები მაძლევს: 1. საქართველოში უთანაბრობა უკვე საკმარისად გაზრდილია და კუზნეცის თვალსაზრისს განვითარებად ქვეყნებში უმდიდრესი კვანტილის დიდი წილისა და საშუალო ფენის დაბალი შემოსავლების შესახებ, სრულებით ამართ­ლებს. ამავე ფაქტორის გაგრძელებაა ის ფაქტი, რომ ყველაზე დაბალშემოსავლია­ნი 2 კვანტილის საშუალო შემოსავლები მთელი მოსახლეობის საშუალო შემოსავ­ლებ­თან მიმართებით მხოლოდ 0.34 და 0.58 წილს შეადგენს, პირველი კვანტილი კი საერთო შემოსავლის მხოლოდ 5%-ს შეადგენს. როგორც ხედავთ, ეს მაჩვენებლებიც იმდენად დაბალია, რომ აღარ უნდა გაუა­რესდეს. 2. კუზნეცის თქმით, უთანაბრობა შემოსავლებში განსაკუთრებით მძიმე იქნება განვითარებად ქვეყნებში, რაც საქართ­ვე­ლომ უკვე გამოსცადა. 2017 წელს ჩვენთან სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი 22%-ს შეადგენდა (2007 წელს 39%), რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვე­მოთაა, უმუშევრობის დონე კი 14% (არაოფიცია­ლუ­რი დასკვნებით ეს მაჩვენებელი მეტსაც შეადგენს). 3. ეკონომიკურ და სოცია­ლურ ინსტიტუციებზე განვი­თარების ახალმა სტადიამ ჩვენი ქვეყნისთვის უკვე იმოქმედა უარყოფითად, უთა­ნაბ­რობის ზრდის პერიოდები ემთხვევა საბჭოთა კავში­რის დაშლის შემდგომ პე­რიოდს და 2003 წელს ახალი ხელისუფლების მოსვ­ლას სათავეში. 4. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ბოლო წლებში უკეთესის არსებობის სურვილს ბადებდა, განსაკუთრებით 2013-16 წლებში. 5. თუ, კუზნეცის მიხედვით, მე-19 საუკუნეში უთანაბრობის ზრდის პროცესი 60 წელი გრძელდებო­და, დღევანდელ რეალობაში, დაჩქარებულ, გლობალიზებულ და ტექნოლოგიებით დატვირთულ მსოფლიოში, ამ პროცესის ხანგრძლივობა შესაძლოა განახევრდა კი­დეც. საქართველოში ეს პრო­ცესი 1990-იანი წლებიდან დაიწყო და სრულიად საკმა­რი­სი დროა გასული უთანაბ­რობის ზრდის ფაზის რეალიზებისთვის. როგორც ხე­დავთ, კუზნეცის მრუდის საწყისი, უთანაბრობის გაზრდის, ფაზის ეს ფაქტორები საქართველოსთვის აჩვე­ნებს, რომ საქართველოში უთანაბრობა საკმარისად გაი­ზარ­და იმისათვის, რომ კუზნეცის მრუდის საწყისი ფაზა დასრულებულად, ან დას­რულების პროცესში მყოფად გამოვაცხადოთ.

დასკვნითი (უთანაბრობის შემცირების) ფაზის ფაქტორები კი ცხადყოფს, რომ საქართველოში უთანაბრობის შემცირების პროცესი ნელ-ნელა აქტიურდება. 1. ქალაქებსა და სოფლებში მაცხოვრებელთა რიცხოვნობის ანალიზიდან ვაჩვენე, რომ 2025 წლისთვის ქალაქებში მაცხოვრებელთა წილი მთელ მოსახლეობაში 60% იქნება, რაც, კუზნეცის მიხედვით, უთანაბრობის შემცირების პროცესს განაპირო­ბებს. 2. ეკონომიკის დინამიკურობის ფაქტორიც თავის როლს თამაშობს ჩვენს ეკო­ნო­მი­კაში. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მოწინავე დარგები გახდნენ ვაჭ­რო­ბა და მრეწველობა. დინამიკური სტრუქტურული გარდაქმნები ხელს უწყობს ღარიბი მოსახლეობისთვის გამდიდრების შანსე­ბის გაჩენას. მომსახურების სფეროს ზრდაც, თავის მხრივ, ამცირებს უთანაბრობას. მოლდოვას მაგა­ლითზე ვნახეთ, რომ ჩვენნაირ, ჩვენზე უფრო ღარიბ ქვეყანასაც კი შეუძლია ჰქონ­დეს დაბალი უთანასწორობა შემოსავლებში. მათი ეკონომიკის სტრუქტურიდან კი ირკვევა, რომ მომსახურების სფერო შეადგენს მშპ-ს თითქმის 65%-ს. 3. კუზნეცის მიხედ­ვით, უთანაბრობა მცირდება ურბანული დასახლებების დაბალშემოსავლიანი მო­სახ­ლეობის მოძლიერებით, გამდიდრებით, რომლებიც ქმნიან ფინანსურად ძლიერ საშუალო ფენას. თუ გავითვალისწინებთ საქართველო­ში ქალაქებში მაც­ხოვრე­ბელთა რიცხოვნობის ზრდის ტენდენციას (2008-2018), ქალაქებში მაცხოვრე­ბელ­თა წი­ლი მთლიან მოსახლეობაში 50%-ს დიდი ხნის გა­დამც­და­რია (1969 წელს), რაც მაფიქრებინებს, რომ ურბანული დასახლებების და­ბალ­შე­მოსავ­ლიანი ფენის დიდი ნაწილის ადაპ­ტა­ციის პერიოდი დასრულებული უნდა იყოს და მოძლიერე­ბას უნდა იწყებდეს. 4. მნიშვნელოვანია ამ დაბალშემოსავ­ლია­ნი მოსახ­ლეობის პო­ლი­ტიკური ძალაუფლე­ბაც. პოლიტიკო­სე­ბი არ დაუშვებენ უთანაბრობის კიდევ უფრო ზრდას და მოსახ­ლეო­ბის დიდი წილის გაწბილებას. 5. დამატებით ფაქტორს წარმოადგენს ჩემს მიერ გაკეთებული ანალიზი და პროგნო­ზი. რეგრესიული ანალიზის მიხედ­ვით, მშპ ერთ სულზე ზრდის მაჩვენე­ბელი სტატისტიკურად მნიშვნელოვა­ნ გავლე­ნას ახდენს მხოლოდ პირვე­ლ კვანტილზე და თანაც პოზი­ტიურად მოქმედებს მას­ზე. ამასთან, VAR მოდელის პროგნოზიდან ირკვევა, რომ მცირე ჩავარდნის შემდეგ, რომელსაც ადგი­ლი 2019 წელს ექნება, პირველი კვან­ტილის წილი მთლიან შემო­სავლებში ზრდას განაგრძობს (ეს პროცე­სი 2010 წლიდან არის დაწყებული). ამას ემატება ჯინის კოეფიციენტის კლებადი ტენდენციაც. საბოლოოდ, კუზნეცის მრუ­დის დასკვ­ნითი ფაზა საქართ­ველოში სავარაუდოდ, ან 2010 წელს დაიწყო, ან მცირე რყევების შემდეგ უახლოეს წლებში (შესაძლოა 2019 წლიდან, 2025 წელს კი უკვე აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს) დაიწყება ურბა­ნული მოსახლეობის კიდევ უფრო ზრდის და მოძლიერების კვალ­დაკვალ. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს საქართვე­ლოს ეკონომიკის ინკლუზიურო­ბის ზრდას. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. მთლიანი გამოშვების სტრუქტურა 2017 წელს - www.geostat.ge
  2. საქართველოს მაკროეკონომიკური განვითარება და ტენდენციები - საქართველოს ფი­ნანსთა სამინისტრო 2017, www.MOF.ge
  3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 2017, თავი VI - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები, www.MOF.ge
  4. ძირითადი ფინანსური და ეკონომიკური ინდიკატორები (საბაზისო სცენარი), დანართი N1.1, www.MOF.ge
  5. Alfredo Saad-FilhoGrowth, Poverty and Inequality: From Washington Consensus to Inclusive Growth, November 2010, Economic & Social Affairs
  6. Elena Ianchovichina, Susanna Lundstrom - Inclusive Growth Analytics, The World Bank, March 2009
  7. Phillip Swagel, Cynthia Boruchowicz - Policies to Address Income Inequality and Increase Economic Opportunities for Low-Income Families, 2017
  8. Robert J. Barro - Inequality and GrowthRevisited, January 2008
  9. Simon Kuznets - Economic Growth and Income Inequality, The American Economic Review, Vol. 45, No. 1 (Mar., 1955), pp. 1-28
  10. The World Bank, data.worldbank.org - Gini Index (World Bank estimate), Georgia, Moldova
  11. World Economic ForumThe Inclusive Development Index 2018, Summary and Data Highlights
  12. www.indexmundi.comMoldova GDP – composition by sector
  13. www.data.worldbank.org - The World Bank

[1] საიმონ კუზნეცი (1901-1985) - ბელორუსი წარმოშობის ამერიკელი ეკონომისტი, 1971 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ინსტიტუციონალისტი

[2] Simon Kuznets - Economic Growth and Income Inequality, The American Economic Review, Vol. 45, No. 1 (Mar., 1955), pp. 1-28

[3] Robert J. Barro - Inequality and GrowthRevisited, January 2008

[4]Alfredo Saad-FilhoGrowth, Poverty and Inequality: From Washington Consensus to Inclusive Growth, November 2010, Economic & Social Affairs

[5] მთლიანი გამოშვების სტრუქტურა 2017 წელს, www.geostat.ge

[6] World Economic ForumThe Inclusive Development Index 2018, Summary and Data Highlights

[7] The World Bank, data.worldbank.org - Gini Index (World Bank estimate), Georgia, Moldova

[8] www.indexmundi.comMoldova GDP – composition by sector

[9] The World Bank - data.worldbank.org

[10] საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 2017, თავი VI - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები, www.MOF.ge

[11] ძირითადი ფინანსური და ეკონომიკური ინდიკატორები (საბაზისო სცენარი), დანართი N1.1, www.MOF.ge